среда, 6 ноября 2013 г.

მთვარი

არისტოკრატულ ოჯახში დაბადებულ, ნიჭიერ, გემოვნებიან და სიმპათიურ ახალგაზრდას თითქოს ცხოვრების ყველა გზა ხსნილი უნდა ჰქონოდა. ცნობილი თავადის, მელიტონ ბარათაშვილისა და მისი მეუღლის, ეფემია ორბელიანის ოჯახში იმ დროის ყველაზე წარჩინებული ადამიანები იკრიბებოდნენ, თუმცა, ვერც წარმომავლობამ, ვერც კარგმა განათლებამ და ვერც სანაცნობო წრემ, ვერ განაპირობა ახალგაზრდა ბარათაშვილის წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება.
1827 წელს ნიკო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც ერთადერთი ევროპული ტიპის სკოლა იყო იმ დროის თბილისში. ბარათაშვილის სწავლის დროს ეს სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. ამ სკოლაში ნიკომ 8 წელი დაჰყო და 1835 წელს გიმნაზია დაამთავრა.

მისი სკოლის ამხანაგები ამ პერიოდის ბარათაშვილს ასე იგონებენ :
„ნიკოლოზ ბარათაშვილი სკოლაში კარგად სწავლობდა,  უმეტესად განსახვავებული იყო თავის ამხანაგებში მხიარულის ხასიათით, სიმარდოთ,პირველი მოცეკვავე იყო, ყველასაგან საყვარელი ამხანაგი. ( კონსტანტინე მამაცაშვილი).
„ მეტად ცოცხალი,მხიარული, მოსწრებული, ამავე დროს ყოვლად უანგარო.“ ( დიმიტრი ყიფიანი).
სასწავლებელში სწავლის დროს დაიწყო ლექსების წერა, 1833 წელს 15 წლის ბარათაშვილის მიერ გადაწერილ კლებულში უკვე ვხვდებით გენიალური ლექსის „ შემოღამება მთაწმინდაზედ“ პირველ ვარიანტს. სადაც უკვე ჩანს განსაკუთრებული პოეტური ნიჭი.







„ პოეტი საშუალო სიმაღლისა და თანაზომიერი ტანადობისა ყოფილა („ შუათანა ტანისა, ჩინებული ტანადი“,  - კონსტანრინე მამაცაშვილის სიტყვის). ოდნავ პირხმელი. პირისფერი - მოთეთრო, წმინდა. წაბლისფერი თმა. სახის საერთო  ქერა იერს კონტრასტის სახით აცხოველებდა შავი, ცოცხალი, მეტყველი თვალები. თვალები კილოიანი, „ ბუდეშური“ ( წმინდა ქართული ტიპი), გადმოგვცემს პოეტის და ბარბარე ვეზირიშვილისა. „ სახე საგაბგებოდ მიმზიდველი, ქართულად რომ იტყვიან, მარილიანი“ - წერს კონსტანტინე მამაცაშვილი).
პოეტი წვერ-ულვაშს არ ატარებდა, თმასაც დაბალს იყენებდა.
ბარათაშვილი 16 წლის ყმაწვილი იყო, როდესაც მან უბედური შემთხვევის გამო ფეხი მოიტეხა, პირველ ხანებში ბარათაშვილი ძალზე კოჭლობდა. შემდეგ ფეხი თანდათან გამოუმრთელდა , და კოჭლობა თუმცა სიკვდილამდე დარჩა, როგორც გადმოგვცემენ, კოჭლობა ისე ძლიერ აღარ ემჩნეოდა.“ ( პავლე ინგოროყვა)1837 წლის თებერვალს ნიკოლოზ ბარათაშვილი გრიგოლ ორბელაინს სწერს: …”აგერ წელიწადნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფებოდი სუდაირასპრავაში. წარდგენილი ვარ ჩინზე და ჩქარაც მოველი. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არც პანციონში ყოფნის დროს, когда будущностъ моя представляласъ мне в радужных мечтаниаях, და არც მერმე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური: ჩემი სურვილი იყო ჯარის-კაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამეპარება ხვალმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი, რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს. ასე რომ, ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ. მაგრამ რადგანაც შევიტყვე უარი მათი და მით უსიამოვნება, ვსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ თუ შტატსკი ვიყო, ვიყო… არც ეს შემისრულეს. უბედურებისა გამო, მამაც ამ დროს ავად შეიქმნა და ავადმყოფი ჩემს თხოვნაზე ასე მეტყოდა: “შვილო, ხომ ჰხედავ შენის სახლის გარემოებასო, იქნება მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასო, შენს სახლს არ უპატრონებო?” ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში; განვწესდი სამსახურში და დაუმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა, ან ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღსრულება. რადგანაც ასე მოხდა, მაშ აქ ეკსპედიციაზე კარგს ადგილს ვერ ვიპოვნიდი. უნდა მართალი ითქვას, რომ ეს ადგილი ყმაწვილის კაცისათვის, ვისაც კი სამოქალაქო სამსახური უნდა, პირველი შკოლაა, ეს არის რომ круг чиновников не выгоден для образования нравственности, მაგრამ ეს თავიზედ არის დამოკიდებული. ამისთვის გაცნობებთ ჩემს ვითარებას, რომ ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისაც მეჯავრება. ჭეშმარიტად არა, ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას…

„სამხედრო სამსახურის გარდა, ნიკოლოზ ბარათაშვილს უმაღლესი განათლების მიღების სურვილიც ჰქონდა, თუმცა ვერც ის აისრულა. მამამისის, მელიტონის ავადმყოფობამ  ძალიან შეაფერხა მისი მიზნები, ვინაიდან, ოჯახი გაღარიბდა და შესაბამისად, ახალგაზრდა ბარათაშვილს ფრთების გაშლის საშუალება არ მიეცა. თუმცა, თუნდაც „ სახაზინო ხარჯებით“ მის რომელიმე უნივერსიტეტში გაგზავნას მისი ბიძა, გრიგოლ ორბელიანიც ძალიან ეშურებოდა.
ამ პერიოდის საკუთარ პესიმისტურ განწყობაზე ნიკო თავის უახლოეს მეგობარს, მაიკო ორბელიანს პირად წერილში სწერს:
„მაგრამ სულ ამაოა ჩემთვის. ეს ღამეც წავიდა, ვითარცა სიზმმარი. კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმისი სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდიხანია ობოლი ვარ. არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ვერვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა,იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია, ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმეყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი, გაიცინებ, ასე გეგონება, დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად, მაიკო, ასე გულცივად ჯერ განსჯა არა მქონია. ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ასეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული. მოიგონე ცოტასხანს დრონი წარსულნი და მაშინ შემიბრალებ. ყმაწვილობითვე შეჩვეული რაზედმე სული ძნელადღა გარდაიცვლის ჩვეულებას და, ვიდრემდის სრულიად გარდაეჩვევა, მწარეა ტანჯვა და ბრძოლა მისი.“

გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილ წერილში  კი ვკითხულობთ :
„საკვირველია, რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული
და ძლიერი უნდა შეიქმნას, არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ, როდესაც დაატყოს თავის თავს ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მისცეს გზა სოფელში,გამოიყვანოს კაცად და, როდესაც თვითონ დაეცეს ( საბოლოო არა არის რა ამ საწუთოში), მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს შემძლებლობა და ხმა ერსა შორის თავის მემკვიდრის შუამავლობით! ახლა მე იმას ვამბობ,რომ მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარებისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს , მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ,რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა! ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის, ეცადე, რომა რენენკამფთან* დამანიშვნინო. ხომ ამ პირობით წახველ, რომ ეს მოგეხდინა ჩემთვის? ვიცი დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამოც ქართველი თავისიანს არ გამოადგება..
გარდა ამისა, პოეტს კიდევ ერთი, უმთავრესი იმედგაცრუება ელოდა -ეს უნუგეშო სიყვარულს ეხება ალექსანდრე ჭავჭავაძის მზეთუნახავი ასულის- ეკატერინე ჭავჭავაძისადმი.
ნიკოლოზი და ეკატერინე ბავშვობიდან მეგობრობდნენ, ეკატერინე  ტატოს პოეზიის დიდი გულშემატკივარი იყო, თუმცა ახალგაზრდა, ღარიბი პოეტის სიყვარული მისი დიდებული გეგმებისთვის სრულიად შეუფერებელი იყო, ამიტომ  1839  წელს ეკატერინე სამეგრელოს მთავარს, დავით დადიანს გაჰყვა ცოლად და სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი გახდა. სწორედ ეკატერინემ გადასცა ილია ჭავჭავაძეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი ლექსების კრებული, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ილიაზე.
1944 წლის დასაწყისში ნ. ბარათაშვილმა მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და ამან დიდი გავლენა იქონია პოეტზე.
ამავე წელს იგი იძულებული გახდა  დაეტოვებინა სამშობლო და ჯერ ნახიჩევანში, ხოლო შემდეგ კი განჯაში გამგზავრებულიყო. უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ  დანიშნეს თელავის მაზრის მოადგილის თანამდებობის მოვალეობის შემსრულებლად, თუმცა, ამავე პერიოდში მიიღო შემოთავაზება  განჯის მაზრის მმართველისაგან მასთან გადასვლის თაობაზე. ტატო დათანხმდა ამ წინადადებას და 1845 წელს ცუდი კლიმატითა და მალარიის ეპიდემიით  ცნობილ განჯაში ჩავიდა. სუსტი ჯანმრთელობის პოეტი მალევე დაავადდა ეპიდემიით, 9 ოქტომბერს კი  გარდაიცვალა. დაკრძალეს იქვე...
ნიკოლოზ ბარათაშვილი სულ რაღაც 27 წლისა გარდაიცვალა და რომ არა ილია ჭავჭავაძე და ბედნიერი შემთხვევითობა, მისი პოეზია სრულიად უცხო იქნებოდა ქართველი მკითხველისათვის.

. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.
 . . .
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია ქართული რომანტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, მისი მცირერიცხოვანი პოეტური მემკვიდრეობა პოეტური მნიშვნელობის თვალსაზრისით უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ბევრი სხვა ავტორის ათტომეულები.
მისი პოემა -  "ბედი ქართლისა" (1838), ლირიკული ლექსები -  "შემოღამება მთაწმინდაზედ" (1833 - 1836), "ფიქრნი მტკვრის პირას" (1837), "სული ობოლი" (1839) და "სულო ბოროტო" (1843), "მერანი" (1842) და სხვა, სულ 27 შესანიშნავი ლექსი მთელი პოეტური ეტაპია ქართული პოეზიისათვის.


Комментариев нет:

Отправить комментарий